პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ მთავრობა მოქალაქეების იპოთეკური სესხების სუბსიდირებას მოახდენს და ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სუბსიდირება შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ანდა ამ მომენტისთვის უკვე სარგებლობს ამ სესხით.
“ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის, მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა მშენებლობის ეტაპზეა.
ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ,“ – აღნიშნა პრემიერმა.
პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.