ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდა კრიზისს, ამისთვის ყველას ეკუთვნის მადლობა”- თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებს საშუალება მიეცათ, გიორგი გახარიასთვის კითხვები დაესვათ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი, რის გამოც ყველას გადლობა გადაუხადა.

“მე ვფიქრობ და მე მგონი, საზოგადოებაც ასე ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად და კარგად გაუმკლავდა იმ კრიზისს, რომელშიც აღმოვჩნდით. დღეს ალბათ ყველა უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს, ვიდრე ცოტა ხნის წინ და შესაბამისად, ეს როგორც ხელისუფლების მუშაობის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მაღალი თვითშეგნებისა და მაღალი ორგანიზებულობის დამსახურება არის. ამისთვის ნამდვილად ყველას ეკუთვნის მადლობა,”- აცხადებს ჩუგოშვილი.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა პრემიერ-მინისტრს ორი შეკითხვა დაუსვა.

“ორი კითხვა მაქვს, პირველი ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას. საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც იკლებს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხი, ავტომატურად იზრდება დაუსაბუთებელი ხარჯების, ბიუჯეტის თვითნებური ხარჯვის თუ კორუფციის საფრთხეები. კონკრეტული მაგალითების მოყვანას მე არ ვაპირებ, მაგრამ უბრალოდ, მაქვს ასეთი კითხვა, ხელისუფლებას, მთავრობას რაიმე მექანიზმები თუ აქვს იმისთვის. თუ აქცევს ამას განსაკუთრებულ ყურადღებას, რა მექანიზმებს იყენებს დამატებით იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში, როცა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა ქვეყანა, ასეთი არამიზნობრივი, დაუსაბუთებელი ხარჯვა ბიუჯეტის არ მომხდარიყო. თუ მოხდა მათი გამოვლენა და რეაგირება როგორი იქნება.

მეორე, იმ პირობებში, როდესაც ყველამ ვიცით, რომ წინ გველოდება საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, იზრდება სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრამების მნიშვნელობა და დატვირთვა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც დღემდე არსებულ სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებს ჰქონდათ, არის ის, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს პროგრამები, სად უნდა მივიდნენ. ხვდებათ ძალიან დიდი ბიუროკრატიული ბარიერები და შეფერხებები. შესაბამისად, ეფექტურად ვერ სარგებლობენ ამ პროგრამებით, მათ შორის, შესაძლებელია დახმარებასაც შეეხოს. ამაზე იყო კითხვები უკვე და ბევრს არ ვისაუბრებ.”

 

იტვირთბა....