პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში არ ყოფილა არცერთი ადამიანი, ვინც იყო კოვიდინფიცირებული, ან არსებობდა ეჭვი და არ მიუღია სტაციონარული მკურნალობა.
როგორც პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წარმატების მთავარი შედეგი ის იყო , რომ მთავრობა ყველა გადასადგმელ ნაბიჯს ჯანდაცვის სისტემასთან და ეპიდემიოლოგებთან ათანხმებდა.
“საქართველოში არ ყოფილა არცერთი ადამიანი, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული, ან არსებობდა ეჭვი და არ მიუღია სტაციონარული მკურნალობა. ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო. უამრავი მაგალითი იყო, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ემკურნალეთ სახლში. ამან რა შედეგები გამოიღო ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ მინდა აქ ხაზი გავუსვა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვენლოვანი,”- აცხადებს გახარია.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომლითაც კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა კოვიდთან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა.
“ქვეყანა ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოვიდით ინფიცირებული არცერთი ადამიანი, რომელმაც ვერ ან არ მიიღო სტაციონალური მკურნალობა. ეს არის ძირითადი კომპონენტი, რატომ გვყავს სწრაფად გამოჯანმრთელებულების მაღალი რაოდენობა და რატომაა ლეტალური კოეფიციენტი ასეთი დაბალი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.