დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მისი ფრაქცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადრებას. ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ნაცვლიშვილის თქმით, დღეს აქცენტი გაკეთდება ანტიკრიზისულ გეგმაზე, რაც მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა და რომელიც გაუაზრებლად არის შედგენილი მთავრობის მიერ.
დეპუტატის თქმით, ამ სოციალური პაკეტით ადამიანების ბევრი ჯგუფი რჩება დახმარების გარეშე, რაც უსამართლობას ქმნის.
“რაც შეეხება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, კარგია რომ მთავრობა თვითშემოქმედებას არ მიეცა და ამ რეკომენდაციებს გაჰყვა და ამიტომ ჩვენ მეტნაკლებად კარგი შედეგი გვაქვს. მაგრამ, როცა უკვე დადგა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის საკითხი, რაც ეხება ეკონომიკურ და სოციალურ გეგმას, დავინახეთ რომ მთავრობამ საკმაოდ არასწორი ნაბიჯები გადადგა განსაკუთრებით სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ დახმარება, რაც დაპირდნენ მოსახლეობას, არის უსამართლო. ძალიან ბევრი ადამიანი რჩება დახმარების გარეშე, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც არიან თვითდასაქმებული და არაფორმალურად მომუშავე, ვერ წარადგენენ ცნობას. ამიტომ, ეს ადამიანები საარსებო საშუალებების გარეშე დარჩნენ,”- აცხადებს ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილის ცნობით, დღეს დამოუკიდებელი დეპუტატები აქცენტს გააკეთებენ ეკონომიკის გახსნის გეგმაზეც, რომელიც ახლა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ასევე, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საუბარი იქნება დავით გარეჯის თემაზეც, რომლის გარშემოც განვითარებულმა მოვლენებმა პანდემიის დროს აქტუალურობა დაკარგა, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ამასთან, 29 მაისს მთავრობის მეთაური პარლამენტში უკვე ინტერპელაციის წესით მივა.
ცნობილია ასევე, რომ პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს ივნისის დასაწყისშიც ეწვევა, რომლის დროსაც გიორგი გახარია მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.