ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი რეგლამენტით, შესაძლოა “საპარლამენტო უმცირესობა“ მთლიანად გაუქმდეს

საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი მზადდება.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის კომიტეტების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. ახლა ფუნქციონირებს 15 კომიტეტი და შესაბამისად, შესაძლოა 13 გახდეს. კანონპროექტის თანახმად, უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები.

ასევე, შესაძლოა,  საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის 6 წევრის ნაცვლად 7 წევრი იყოს საჭირო.ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება „საპარლამენტო უმცირესობის“ სტატუსი და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია. ამ ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის მიხედვით, პარლამენტის ყველა წევრი უნდა შედიოდეს ან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის სტატუსი გაუქმდება. პარლამენტის ის წევრი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, პარლამენტის უფრაქციო  წევრად იწოდება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.

კანონპროექტი დღეს დილით შეიტანეს პარლამენტში, თუმცა ავტორებმა უკან გაიწვიეს. ცვლილებების პროექტის 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა განეხილათ, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალ ვერსიას წარადგენენ. ცნობისთვის, ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან.

 

 

იტვირთბა....