ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატ ანა აბაშიძის განცხადებით, მხოლოდ იმიოტმ, რომ ბასილაშვილი წარმატებული სპორტსმენია და ის სახელმწიფოს წარმოადგენს, ამის გამო დანაშაულზე გაჩუმება დაუშვებელია.
ამის შესახებ ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, თუ დღეს ქართველ ჩოგბურთელს რეპუტაცია შეელახა, ეს მხოლოდ მისი დამსახურებით მოხდა.
“საზოგადოებამ მინდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ადამიანი და მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია, რაც ჩვენ ყველას გვიხარია. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე. მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის უდავოდ წარმატებული ადამიანი, ჩვენ გავჩუმდეთ, ეს დაუშვებელია.
ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც ალბათ, განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი, რომელზეც საუბრობს, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, სრულიად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომელიც სგამოძიებო ორგანოშია წარდგენილი, ეს რეალურად მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით ხდება,”- აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.