ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ტურისტებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ლაგაზიძე პოსტში წერს, თუ ტურისტები კარანტინში იქნებიან, გამოდის, რომ ეს სფერო არც ამუშავდება, რითიც ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო დაინგრევა.
მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რა ვითარებაა ქვეყანაში, რომ რეალური მოლოდინები ჰქონდეს.
ხათუნა ლაგაზიძის პოსტს უცვლელად გტავაზობთ:
“პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: თქვენ ვის იგდებთ მასხრად?! რას ქვია – ტურისტი კარანტინში შემოვა?! თუ არ ხსნით ტურიზმს, მაშინ გვითხარით, რომ სწორი მოლოდინები გვქონდეს და ისედაც დაქცეული ბიზნესებიდან ათასები არ გადავყაროთ წყალში თქვენს მიერვე დაწესებული უამრავი შეზღუდვის დასაკმაყოფილებლად!
რის იმედად ყელყელაობთ თქვენს მიერ გადარჩენილი პაციენტებით?! ეგ ჩვენი, ათასობით ქართველი მეწარმის გადარჩენილი ხალხია: რომ არა, ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახდები რითი და როგორ გადაარჩენდით იმ ხალხს, ერთი წუთით მაინც გიფიქრიათ?! და ჩვენ გავხდით თქვენი მასხრად ასაგდები?! კარგად ვერ გცოდნიათ, ვისი მასხრად აგდება განიზრახეთ!
ამ უმძიმეს სიტუაციაში ერთი წუთით არ დავწოლილვართ ტვირთად სახელმწიფოს: ჩემი შვილის სწავლისთვის დაზოგილი ფულით გადავუხადე თანამშრომლებს ხელფასები, რომ ის დახმარების ორასი ლარი, უფრო გაჭირვებულს შეხვედროდა.
ახლა აღმოჩნდა, რომ თქვენ შაყირობდით და ტურიზმი რეალურად აი იხსნება: რა პასუხი გავცე ჩემს თანამშრომელს, კორონაზე უფრო მძიმე სენით დაავადებული ოჯახის წვერი რომ ჰყავს და თქვენი წყალობით ახლა უხელფასოდაც და სახელმწიფოს დახმარების გარეშეც რომ დარჩება?! თუ, არა თქვენი პროფილის ათიათასობით პაციენტი “გკიდიათ”, იმიტომ რომ მათი წყალობით სატელევიზიო დიდებას ვერ მოიპოვებთ?! სასწრაფოდ გამობრძანდით და ახსენით რეალურად რას აპირებთ!
ხელისუფლებას კი ვურჩევ დაინტერესდეს: ვის ინტერესებს ემსახურება პაატა იმნაძე თავისი “ფრთიანი ფრაზებით”?! ვინ არის მართალი: პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, რომლებიც ყოველდღე ტურიზმის ხელშემწყობ განცხადებებს აკეთებენ თუ იმნაძე თავისი დამანგრეველი რიტორიკით?! რომელი გვატყუებთ?!“,- წერს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, როოგრც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაზემ განაცხადა, “ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან.”