პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
როგორც ცნობილია, ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.
კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ პრეზიდენტის მიერ დეკრეტის გამოცემა და პარლამენტში მისი დამტკიცება საჭირო აღარ იქნება.
კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ “პროცესები უმართავი არ გახდეს.”