თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმეზე არსებითი განხილვა მოხდება.
სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დისტანციურად ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ბრალდებული სხდომას არ დაესწრება და ის ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთვება. საქმის განხილვაზე მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარეები ისხდებიან.
დრევანდელ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს, რომლებიც ექსპერტ-კრიმინალისტები არიან. სხდომა 10:00 საათზე განახლდება.
გიორგი რურუას ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც უკავშირდება მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ასევე ტელეკომპანია „მთავარ არხს“, რომლის მეწილეც არის რურუა.
შეგახსენებთ, 18 მაისს სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.