„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, არათუ “ქართული ოცნების“ მთავრობისთვის, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება სრულიად დაუშვებელი და შემაშფოთებელია.
ამის შესახებ სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან იმ შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება დამოუკიდებლად შეეძლება.
როგორც რატიანი აცხადებს, , ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს, ჯერ უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება.
შესაბამისად, რატიანის თქმით, მისი პარტია აღნიშნულ ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს და უმრავლესობის წევრებსაც მოუწოდოს, არც მათ გააკეთონ იიგვე.
„არათუ „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება სრულიად დაუშვებელი და შემაშფოთებელიც კია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს, ჯერ უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება, უფლების მინიჭება. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს მარტივად რომ ვთქვათ, ამ არადემოკრატიულ პრინციპს. ეს დაუშვებელია მოცემულ და ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ შემთხვევაში, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში, არამედ თავისუფალი სამყაროს ნებისმიერ წერტილში მსგავსი უფლებებიც მოთხოვნაც კი, შემაშფოთებელია. ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში ამის მოთხოვნაც კი, უბრალოდ თავხედობაა,”- აცხადებს სერგო რატიანი.
დღეს ბიუროს სხდომაზე “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება იგეგმება. კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობისთვის შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელების უფლების მინიჭებას გულისხმობს.