ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ დასახლებაში – სოფელი მუშევანი და გეტა, მაღალი რისკის მქონე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რჩება, ამიტომ შეზღუდვები არ მოიხსნება.
ამის შესახებ რეხვიაშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
როგორც შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, აღნიშნულ სოფლებში ვითარება უკეთესია, თუმცა ეპიდემიოლოგებს ძალიან მკაცრად გათვლილი რეკომენდაციები აქვთ.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დინამიკიდან გამომდინარე რჩება ორი დასახლება – სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც გარკვეულად ეპიდემიოლოგიური ტემპერატურა მაღალია შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან იხევს დაავადება, თუმცა ჯერ ამ დასახლებებში შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება. ეპიდემიოლოგებს ძალიან მკაცრად გათვლილი რეკომენდაციები აქვთ და ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში თუ ესე გაგრძელდა და იმედი გვაქვს რომ გაგრძელდება, გვექნება სასიკეთო დინამიკა,”- აცხადებს რეხვიაშვილი.
მისივე თქმით, ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში განიხილება შეზღუდვების მოხსნს ისევე, როგორც თეთრიწყაროში.
“შესაბამისად, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მარნეულთან მოსაზღვრე ბოლნისის სოფლებს, სადაც ეპიდემიოლოგიური ფაქტები დაავადების გავრცელების არ დაფიქსირებულა, გარკვეული საჭიროებები ექნებათ. ეს არის დისტრიბუცია, ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ ყველაფერს და მართულად რაც გადაუდებლად აუცილებელი იქნება, ჩვენ შემოვუშვებთ გარკვეულ კატეგორიას ადამიანებისას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეიდან მარნეულში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით თავისუფლად შეუძლია გადაადგილება.