ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილის ოცნება კიდევ ერთხელ საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდა” – “დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია”

“დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ – გელა კვაჭანტირაძემ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს არაერთი სამართლიანი მოწოდების იგნორირებამ, რათა ივანიშვილის ხელისუფლებას შეესრულებინა ოპოზიციასთან დადებული 8 მარტის შეთანხმება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა „ქართული ოცნების“ რეპუტაციას.

„რაც დრო გადის, ივანიშვილის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მძიმე, ფატალურ შეცდომებს უშვებს. ის ცდილობს „დინების წინააღმდეგ ცურვას“, მაგრამ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების პერმანენტული ძალისხმევის შედეგად ის იძულებული ხდება კვლავ და კვლავ წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და დაუბრუნდეს შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, თუმცა როგორც სჩანს, ის საკუთარი ინიციატივით არ აპირებს საერთო პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციას.

დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს არაერთი სამართლიანი მოწოდების იგნორირებამ, რათა ივანიშვილის ხელისუფლებას შეესრულებინა ოპოზიციასთან დადებული 8 მარტის შეთანხმება (რომელიც ითვალისწინებს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღებას), რა თქმა უნდა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა „ქართული ოცნების“ ისედაც გვარიანად შელახულ რეპუტაციას.

პოლიტპატიმრების განთავისუფლება და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები „ქართული ოცნებას“ რა თქმა უნდა სწორ ნაბიჯებად ჩაეთვლება, მაგრამ ვფიქრობ ეს სრულიად არ კმარა სიტუაციის არსებითი ნორმალიზაციისთვის. როგორც სჩანს პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა ვიდრე ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სპონტანური, ბუნებრივი მისწრაფება. ამის დასტურია ის არაერთი საგანგაშო სიგნალი, რომელიც მივიღეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და უკავშირდებოდა რეგიონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებების რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან „თანხვედრას“ (მათ შორისაა საქართველოს ხელისუფლების მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის ჩაგდება, რუსეთისადმი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმა და ა.შ.). საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სულ ახლახანს ამის შესახებ ამერიკის სენატის და კონგრესის ძალიან გავლენიანმა წევრებმა ჯგუფური წერილითაც კი მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს.

ასევე, უკიდურესად საგანგაშოა საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „საინფორმაციო პოლიტიკა“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საუბარია ხელისუფლების მიერ შემნილ უკანონო – ე.წ. ტროლების და ბოტების ფაბრიკების ყალბ, პროვოკაციულ სისტემაზე, რომელიც სოციალური ქსელების ბოროტად გამოყენებით ხელს უწყობს საზოგადოებაში ღრმა პოლარიზაციის და სიძულვილის ენის დანერგვას საკუთარი ოპოზიციის და დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს მიმართ.

პრორუსულ პროპაგანდასთან თანხვედრაზე ივანიშვილის ხელისუფლება უკვე არაერთხელ იქნა მხილებული ოპოზიციის მიერ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სოციალური ქსელების (ფეისბუქის) ცენტრალურმა ადმინისტრაციამ არაერთი წმენდა და საჯარო მხილება მოაწყო ასეთი ყალბი, პროპაგანდისტული საინფორმაციო წყაროებისგან თავის დასაცავად, თუმცა სიყალბის და ცილისწამების ეს დამანგრეველი ნიაღვარი მათი მხრიდან მაინც არ წყდება და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სამწუხაროდ ამ ყალბი პროპაგანდის მსხვერპლი ხდება.

მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ, აღნიშნული არადემოკრატიული ქმედებების და გაცემული დაპირების არაერთჯერ დარღვევის გამო, უკვე დაიმკვიდრა არასანდო პარტნიორის რეპუტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ მთლიანად ქვეყნის რეპუტაციაზე და ამ ზიანს ვერ გამოასწორებს ქართული ოცნების ეპიზოდური, ცალკეული იძულებითი დათმობები.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ეპიზოდი, ესაა კიდევ ერთი ძალიან სერიოზული იდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს, რომ„ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდა“!

შექმნილ ძალიან დრამატულ სიტუაციაში, ერთადერთი პოზიტიური, რაც ჯერ კიდევ შეუძლია არჩევნებამდე დარჩენილ დროში გააკეთოს ივანიშვილის ხელისუფლებამ ისაა, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს სიყალბეზე დაფუძნებული პროპაგანდისტული ომი და აგრესია, გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა (მათ შორის წინა ხელისუფლების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა), მიიღოს სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა და უზრუნველყოს ნორმალურ, კონკურენტულ გარემოში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“ – აცხადებს კვაჭანტირაძე.

იტვირთბა....