ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კავშირები ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობას შორის – მწვავე გზავნილი აშშ-დან

ამერიკელი სენატორები პასუხს ამჯერად თავიანთივე სახელმწიფო მდივნისგან მოითხოვენ

მორიგი მწვავე პოლიტიკური გზავნილი წამოვიდა აშშ-დან, სადაც  საქართველოს მმართველი გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მძაფრი და კონკრეტული ბრალდებები გაჟღერდა. თუკი აქამდე ამერიკელი სენატორები წერილს საქართველოს მთავრობას უგზავნიდნენ, ახლა მათი ადრესატი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და ფინანსთა მინისტრია. წერილის ავტორები უკვე საკუთარი ხელისუფლებისგან მოითხოვენ რეაგირებას და პირდაპირ წერენ, რომ ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობას შორის გარკვეული ინტერესები და კავშირებიც კი არსებობს. განგაშის თამასამ კიდევ უფრო აიწია და წერილის ავტორები ამჯერად აქცენტს არა მხოლოდ საქართველოს მომავალზე, არამედ თავიანთი ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებაზე აკეთებენ.

საკმაოდ გავლენიანი ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი თანამოაზრეებთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ჯონ კორნინთან, რესპუბლიკელ ჯოდი არინგტონთან და მარვეინ მულინთან ერთად, წერილს უგზავნის აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრ სტივ მნუჩინს თხოვნით, სასწრაფოდ ჩაატარონ ბრიფინგი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ მოქმედებებზე. საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების პოლიტიკურ მტრებთან, მათ შორის ირანთან არაკანონიერ ფინანსურ კავშირებს. წერილში პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული კავშირები ურტყამს შეერთებული შტატების ბიზნეს-ინტერესებსა და ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებს.

„ძვირფასო პომპეო და მნუჩინი!

ჩვენ ვწერთ ამ წერილს, რომ გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება საქართველოში არსებულ პოტენციურ უკანონო ფინანსურ მოქმედებებზე. განსაკუთრებით გვაწუხებს საქართველოს კავშირები აშშ-ს მიმართ მტრულად განწყობილ მოწინააღმდეგეებსა და მტრებთან, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი გეოსტრატეგიისა და ბიზნეს-ინტერესების ხარჯზე.

ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები 50%-ით შემცირდა – მაშინ როცა დასავლური ბიზნესისათვის ბიუროკრატიული ბარიერები საგრძნობლად გაიზარდა.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკულ კომპანიებს იმოქმედონ და გააღრმაონ მათთან ჩვენი კავშირები.

Frontera Resources საქართველოში წარმოადგენს ამერიკის უმსხვილეს ინვესტორს ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში, ქვეყანაში განახორციელეს 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ბოლო პერიოდში კომპანიის მიმართ ხორციელდება გაუმართლებელი რეგულაციები და შეზღუდვები, უფრო მეტიც, ისინი საქართველოს მთავრობის მხრიდან დგანან შესაძლო ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშე. 2019 წელს, ასევე ამერიკული კომპანია Conti Group, ანალოგიური მეთოდით იქნა გამოძევებული კონსორციუმიდან, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას ახორციელებდა. პროექტი ამის გამო, საბოლოოდ, ჩიხში შევიდა. მსგავსი გართულებები და უთანხმოებები, რა თქმა უნდა, ისახება გეოპოლიტიკურ შედეგებზე. Frontera Resources-ის საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო გამხდარიყო უფრო სტაბილური, ენერგოდამოუკიდებელი და ეს საქართველოს უფრო შეუმსუბუქებდა მდგომარეობას რუსული საპორტო ინფრასტრუქტურის არსებობის ფონზე.

გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნიდან გამოძევებულ იქნა ლეგიტიმური ბიზნესი, მისი ადგილი არაკანონიერმა ვაჭრობამ დაიკავა. ქართული ბიზნესი და ფინანსური სისტემა უკვე ყბადაღებულ თემად იქცა.

ჩვენი ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა თბილისში, კონტროლი განახორციელა საბანკო სექტორზე, იყენებდნენ რა მას გარკვეული ფინანსური ოპერაციებისთვის. ასე რომ, ქვეყნის დასავლური ორიენტაცია, მისი უხვი პორტებით ირანელებისთვის იდეალურ სამიზნედ იქცა. რეალურად, ბოლო მონაცემები მოწმობს, რომ ბათუმის პორტი ისევ გახდა ირანელების ნავთობბიზნესის უკანონო საქმიანობის ობიექტი“ – ვკითხულობთ სენატორების წერილში.

წერილის ბოლოს ისინი მოითხოვენ ადრესატისგან, ჩატარდეს ბრიფინგი და გაირკვეს:

საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ თამადობით, რა დონეზე იყო ჩართული შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ბიზნესიდან უკანონო გამოძევების საქმეში, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციას ახორციელებდნენ.

წერილის ავტორები თვლიან, რომ ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მოტივირებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ინტერესებით. მათ შორის, ისინი წერილში წერენ კონკრეტული კავშირების არსებობაზე, პირადად ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობას შორის.

სენატორები უკვე ღიად ამბობენ, რომ შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა საფრთხეს უქმნის ამერიკის უმნიშვნელოვანეს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: პორტის მშენებლობიდან ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გამოძევება მიმართულია საქართველოს იზოლაციისკენ, რომ ის არ გამოვიდეს რუსეთთან დამოკიდებულების ზონიდან.

ამასთან, სენატორები ინტერესდებიან, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებული სცენარიდან გამომდინარე, ჩნდება თუ არა გარკვეული ხარვეზები ირანის მიმართ სანქციების აღსრულების ნაწილში.

წერილის ბოლოს, ავტორები ხაზს უსვამენ საქართველოს სამხედრო როლს ავღანეთში. ამასთან, ისინი აღნიშნავენ პორტის მშენებლობის უდიდეს გეოგრაფიულ მნიშვნელობას კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია შეერთებული შტატების ინტერესებისათვის. ეს კი ქართული მხარისგან მოითხოვს კეთილსინდისიერი მმართველობისკენ მობრუნებას და მის გაძლიერებას. ჩახლართული გეოსტრატეგიული და ბიზნეს-ინტერესები მოითხოვს გარკვეულ პასუხებს ფედერალური მთავრობისგან. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ყოველთვის მზად ვართ წარმოვადგინოთ ის რესურსები, რომელიც აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესების დაცვას სჭირდება.“ – ასე ასრულებენ წერილს ამერიკელი პოლიტიკოსები.

„ქართულ ოცნებას“ ნამდვილად მოუწევს დაფიქრება და გარკვეული ზომების მიღება, რადგან აღნიშნული გზავნილის შემდეგ აღარაფერი რჩება, თუ არა თეთრი სახლის და მისი ამჟამინდელი მფლობელის ჩვეული ტვიტერ-პოსტი, ან კონკრეტულად მისგან ოფიციალური განცხადება, რადგან საქმე უკვე არა მხოლოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ ჩვენთვის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და შემდეგ შეერთებული შტატებისთვის მისი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს ეხება,  მსგავსი საფრთხეების შემთხვევებში კი პლანეტის ლიდერი ქვეყანა უკან არასოდეს იხევს.

გენო ჯოხიძე

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....