ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია – კომპენსაციის მიმღებმა პირებმა განაცხადი დღეიდან უნდა წარადგინონ

დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური პორტალი გაიხსნა, სადაც თვითდასაქმებული მოქალაქეები  სახელმწიფოსგან კომპენსაციის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ.

პორტალზე რეგისტრაციის გავლა მხოლოდ თვითდასაქმებული პირებისთვისაა სავალდებულო, ხოლო ჯანდაცვის უწყება რეგისტრაციის ინსტრუქციას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თვითდასაქმებულების ორი კატეგორია არსებობს, რომლებიც ფიქსირდებიან და რომლებიც არ ფიქსირდებიან შემოსავლების სამსახურში. მათ განაცხადის შევსება სხვადასხვა პორტალზე უწევთ და შესაბამისად, წარსადგენი ინფორმაციაც განსხვავებულია.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა  შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

ამ ჯგუფში შედიან:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები
  • მეწარმე ფიზიკურ პირები
  • პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები
  • ინდივიდუალური მეწარმეები

ამასთან, კომპენსაციის მისაღებად მათ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ დასჭირდებათ. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე. 

ხოლო, დახმარების მისაღებად, ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, მათაც დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ   განაცხადი  ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე  და უნდა  წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ამ კატეგორიის თვითდასაქმებულ პირებს მიეკუთვნებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში ან სხვა ნებისმიერი ფორმალური აღრიცხვა არ არსებობს.

ფიზიკურმა პირმა ასევე უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

გარდა ამისა, ფიზიკურმა პირმა უნდა  ატვირთოს მაგალითად რომელიმე შემდეგი დოკუმენტები:

  • გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი. ეს შეიძლება იყოს წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი;;
  • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა ან ლიცენზია;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ანდა შემოსავალი;
  • ასევე, ნებისმიერი ცნობა, რომლითაც ეკონომიკური სარგებელი დადასტურდება’

განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ანდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.

 

იტვირთბა....