საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-12 პაციენტი, რომელიც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 81 წლის ქალბატონია და მას მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
როგორც ლალი ტურძელაძემ აღნიშნა, პაციენტი ვირუსის დიაგნოზით კლინიკაში 12 აპრილს შეიყვანეს და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
მისი თქმით, 14-დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს კორონავირუსისი არ დაუდასტურდა, თუმცა ვირუსმა ქრონიკული დაავადებები დაამძიმა, რამაც ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
„პაციენტი, 81 წლის ქალბატონი ჩვენთან, კლინიკაში შემოვიდა 12 აპრილს „ქართულ-გერმანული“ კლინიკიდან აპარატულ სუნთქვაზე. იყო უმძიმესი პაციენტი და მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 29 აპრილს, 14 დღის შემდეგ მას ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა. თუმცა თავისი ქრონიკული დაავადებებით იყო უმძიმესი პაციენტი. მას ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის ნაკლოვანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, ორმხრივი დისტრესი, სეფსისი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ანემია და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რითაც გარდაიცვალა პაციენტი.
პაციენტი გარდაიცვალა 13 მაისს, გუშინ, საღამოს 22:00 საათზე. 29 აპრილს კორონავირუსი პაციენტს აღარ ჰქონდა, მაგრამ იმდენად დამძიმდა თავისი ძველი დაავადებები ქრონიკული, რომ პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთი“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.