ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ”- თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ინფიცირების რაოდენობის კლება შენარჩუნდება, შესაძლოა შეზღუდვების მოხსნა დაჩქარდეს.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“საბედნიეროდ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ; უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის არის შეჩერებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, საქართველომ შეძლო „კოვიდ-19“-ის პანდემიის შეკავება, პირველი ღონისძიებები იყო ძალიან დროულად მიღებული და შემდგომშიც, ინფექციის მართვა ხდებოდა ძალიან ეფექტურად.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევა არის დადასტურებული. ხოლო, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

იტვირთბა....