სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დათიაშვილის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.
მინისტრის განცხადებით, შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს ყველა ფერმერი.
“ჩვენ მოვახდინეთ 300 მილიონი ლარის მობილიზება და შევიმუშავეთ უპრეცედენტო პროგრამა იმისათვის, რომ პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სოფლის მეურნეობაში ჩართულმა ყველა მოქალაქემ, ჩვენმა ფერმერებმა სახელმწიფოსაგან დახმარება მიიღონ.
პროგრამის თანახმად, სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით, ფერმერები შეღავათიან ფასად შეიძენენ ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობის დიზელის საწვავს – არსებულ ფასზე ერთ ლარამდე ფასდაკლებით.
ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება, რომელიც სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2012-2019 წლებში დაუგროვდათ,”- აცხადებს დათიაშვილი.
მინისტრის განმარტებით, მიმდინარე წელს, რომელიც ყველაზე რთული წელი იქნება, ფერმერების მიერ სამელიორაციო მომსახურების ერთ ჰექტარზე 75 ლარამდე საფასურს სახელმწიფო გადაიხდის – ჯამში 4 მლნ ლარი.
ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ 50 და რიგ შემთხვევებში 80 პროცენტიანი გრანტით, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტებით, სადაც სახელმწიფო მათი სესხის 11, 12, და 17 პროცენტს დაფარავს. 80 პროცენტამ გრანტი მერძევეობისთვის; 50პროცენტიანი გრანტი ტექნიკისთვის, სათბურებისთვის და სარწყავი სისტემებისთვის; 17პროცენტამდე თანადაფინანსება სესხებზე – ახალი საბანკო შეღავათები; 70 პროცენტიანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე; 15,000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის. ამ გაზრდილი თანამონაწილეობით, ჩვენ გავაჩინეთ ახალი შესაძლებლობები იმისათვის, რომ პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აგრარული მიმართულებით აქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ შევინარჩუნოთ და დამატებით კიდევ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. 2012 წელს, როდესაც პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკის შემუშავება დაიწყო, სახელმწიფო ფინანსური რესურსი იყო ძალიან ცოტა, ამბიცია კი იყო დიდი – სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვითარებულიყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა უნდა გაჩენილიყო არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქვეყანამ შეძლო ამ პოლიტიკის განხორციელების დაწყება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენი ამბიციური პოლიტიკა უცვლელია. ჩვენ მას ვახორციელებთ და ვახორციელებთ წარმატებით. პანდემიით შექმნილი ვითარება ყველა მიმართულებაში ქმნის სირთულეებს, თუმცა იმ შესაძლებლობების სწორად გამოყენებით, რომელიც ჩვენი ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის ახალი პროგრამით შევიმუშავეთ, ჩვენ შევძლებთ კრიზისის დაძლევას“, – განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, პროგრამის მიხედვით, ჯამში, სახელმწიფოს მხრიდან ერთ ჰექტარ მიწაზე ფერმერებისთვის მხარდაჭერა შეადგენს 1700 ლარამდე, ამ მხარდაჭერით 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.