“მართლაც სრულიად დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა მოინახულა ორსული ქალბატონი და ვერ გამოავლინა, რომ ქალბატონი იყო ორსულად უკვე გვიან ვადაზეც. ამ ფაქტს შევისწავლით და როცა გვექნება დასრულებული კვლევის შედეგები, უფრო კონკრეტული პასუხიც იქნება ამ შეკითხვაზე და რეაგირებაც მეტად კონკრეტულად იქნება.”
თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
აღნიშნულით თამარ გაბუნია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმ ქალის მშობიარობას ეხმიანება, რომელსაც მიუხედავად გინეკოლოგის გასინჯვისა, ორსულობა ვერ დაუდგინეს.
ცნობისთვის, გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა უფლებრივ მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშშის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებსა თუ ბენეფიციარებს ორსულობის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა და მან საპირფარეშოში დამოუკიდებლად იმშობიარა.