კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების უმეტესობა თეთრიწყაროდანაა, მათგან ერთ-ერთი კი ბოლნისის სოფელ მუშევანის მცხოვრებია, რომელიც მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში მკურნალობდა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „TVპირველის“ ეთერში განაცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში დადასტურებული 40 შემთხვევიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის კი – მძიმე.
„ჩვენი ცენტრიდან უკვე 86 პაციენტია გაწერილი. სხვა პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 12.