ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და მართავენ საქართველოს სასამართლოებს, ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან”- თალაკვაძის საპასუხო წერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომaრე არჩილ თალაკვაძე ევროპის პარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსს საპასუხო წერილით მიმართავს, სადაც სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მის დამოკიდებულებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

წერილში თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარის განცხადება გაგებულია, როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

ამასთან, თალაკვაძე აცხადებს, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი.

„მთავრობა, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებული არიან და მუხლჩაუხრელად შრომობენ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას პანდემიით დაზარალებული ერების მიმართ.

მადლობელი ვართ თქვენი განსაკუთრებული ინტერესისთვის საქართველოში მიმდინარე იმ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რომლებიც აღნიშნულია თქვენს 2020 წლის 6 მაისის წერილში.

აღნიშნულ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც. საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში. სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად.

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი (გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება). როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი.

მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მზადყოფნა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპაში დემოკრატიისა და საპარლამენტო განზომილების გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ჩართულობასა და მხარდაჭერას. ბატონო თანათავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“ , – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მიერ ანდრიუს კუბილიუსის სახელზე 7 მაისს გაგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.

იტვირთბა....