2020 წლის 16 თებერვალს დაბა გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რა დროსაც 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა.
განცხადების თანახმად, მერაბ კობიაშვილის ჯგუფურად ცემის ფაქტი ცალკე წარმოებად გამოიყო და სისხლის სამართლის საქმეზე 6 პირს ბრალდება წარედგინა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაილოებით 05:30 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა. აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, GLOCK 17-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.
პროკურატურის მიერ ცალკე სამართლებრივი შეფასება მიეცა მ.კ. -ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. პროკურორის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმიდან მ.კ. -ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა დადგენილება მ.კ.-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ექვს პირს – მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გავრცელდა ვიდეოც, სადაც გუდაურში მომხდარი მკვლელობის დეტალებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელობას უძღოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც 6 პირი მონაწილეობდა.