ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის უნდა ველოდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და მედიკამენტს – ცერცვაძის განმარტება

“შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს ვაქცინას”, – ამის შესახებ COVID 19-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდება ეფექტური მედიკამენტი

„ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდება ეფექტური სამკურნალო მედიკამენტი და ისიც ძნელი სათქმელია, ვაქცინა დაასწრებს თუ მედიკამენტი. პრინციპში, ორივეს სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს ვაქცინას. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავა პანდემია.

თუ პანდემია ისეთი გზით და მასშტაბებით წავიდა, როგორც ახლა მიდის, ანუ მზარდი ტენდენციით, ძალიან სერიოზული ზარალითა და ძალიან სერიოზული პრობლემებით, რაც მსოფლიოს შეუქმნა, მაშინ ეს კვლევები დაჩქარდება, უფრო დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული და შესაბამისად, მედიკამენტიც და ვაქცინაც, ან ორივე ერთად უფრო ადრე გამოჩნდება. ეს ჩემი ვარაუდით, დაახლოებით, შემოდგომაზე იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თუ პანდემიის მიმდინარეობაში სტაბილიზაცია და მისი დაღმასვლით გაშვება მოხერხდა, ან თვითონ ვირუსმა გამოავლინა სეზონურობა და პანდემია ძალიან სერიოზული პრობლემების შემქმნელი აღარ იქნა, როგორც დღეს არის მსოფლიოსთვის, მაშინ სავარაუდოდ, კვლევა კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება, მაგრამ არა ასე ექსტრემალური მობილიზებით და ეფექტური სამკურნალო მედიკამენტის გამოჩენა შესაძლებელია ერთი წლის ფარგლებში.

„მე დავასახელებდი ორ თარიღს – პანდემიის ასეთი მძიმე მსვლელობის შემთხვევაში ეს იქნება შემოდგომა, ხოლო პანდემიის შერბილების, ან მისი დაღმავალი გზით წასვლის შემთხვევაში – ეს იქნება ერთ წელიწადში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....