ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს, გახსნა კი 17 მაისისთვის იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” სააგენტო “რესზე” დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, გადაწყვეტილება კორონავირუსს უკავშირდება და “კოვიდ 19”-ის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.
ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რომ კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება „მოქალაქეებს“, მათ შორის, სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეს კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი 14 წლის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ასევე არიან დედა და 6 წლის შვილი ახალგორიდან.