ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება?” – ილია II კორონავირუსის პანდემიაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს გიორგობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა. მან პანდემიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც დღეს ხდება ეს არის გაფრთხილება.

„ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოსა. ის საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს მას ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები და პირველი მაგიდა მათთვის იშლებოდა. ჩვენ ვსხდებოდით მათთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. დიდი ზეიმი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია. წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ, წარმოთქვა სიტყვაა, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. მას ხმა მოესმა, – ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარო. ეს მაცხოვრის სიტყვები იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა; ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ. მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება. მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები და ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ დაესწროს წირვას. ჩვენ აქ თავისუფლად ვართ. დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ესაა მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს. ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და საკმეველი. ყოველდღე უნდა დააკმიოთ, ყოველდღე უნდა ასხუროთ თქვენს სახლსა და კარ-მიდამოს. ეს დიდ ძალას მოგცემთ“, – მიმართა პატრიარქმა მრევლს.

შეგახსენებთ, რელიგიური კალენდრის მიხედვით, დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესაწაულია.

იტვირთბა....