თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტებდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, კრიტიკული პაციენტი ხანდაზმულია, რომელსაც ასევე, თანმხლები ორი ქრონიკული დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
“მძიმე პაციენტებიდან გვრჩება ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც არის ხანდაზმული. მას აქვს ძალიან მძიმე პნევმონია, თან არსებული ორი მძიმე დაავადება – შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, როგორი იქნება პროგნოზი, რადგან კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები ჯერ სტაბილური არ არის, გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ არ არის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.