მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა მედიასთან ყინწვისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. მეუფე იობის თქმით, დაპირისპირება საერო პირებს შორის დაიწყო. მისივე განმარტებით, გასროლა ნასვამ მდგომარეობაში, ჰაერში, შესაშინებლად განხორციელდა.
„არაფერი არ მომხდარა, გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები ხშირი, საერთოდ არ ყოფილა მსგავსი. თქვენ ისიც თქვით, თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამ, არც ეპარქიაში. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არ იყო. ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი, მეტი არაფერი. ნასვამ მდგომაროებაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს.
სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მამა დავითიც ალბათ, იტყვის როცა გამოვა. ის იარაღს არ ატარებდა. ნასვამ მდგომარეობაში რომ ვნახე, მეც არ მომეწონა. როგორც ერის ადამიანებში არსებობს, რომ სვამენ, ასევე სასულიერო პირებშიც არის, პირველად ხომ არ გესმით ეს. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, თუ გადახედავთ, ყველაზე მეტი აკრძალვები აქვს ზემოქმედების“, – განაცხადა მეუფე იობმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. მღვდელმსახურ დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.