“ბ-ნმა ზურაბ გურულმა და ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
როგორც ეზუგბაია განმარტავს, კვესიტაძე და გურული “გეგმაზომიერად ეწევიან COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლის და ქართველი ექიმების დისკრედიტაციას”.
“ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ბატონი ზურაბ გურული და TV მთავარის ჟურნალისტი ქალბატონი ეკა კვესიტაძე თავიანთ ფეისბუქზე და „TV მთავარის“ გადაცემებში გეგმაზომიერად ეწევიან COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლის და ქართველი ექიმების დისკრედიტაციას, რისთვისაც იყენებენ, როგორც არსებული ფაქტების ტენდენციურ ინტერპრეტაციას, ისე ფაქტობრივ ტყუილებს. ასე მაგალითად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძეს ჰქონდა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმა და ამის მიუხედავად იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს და ისიც არა კლინიკაში, არამედ კარანტინში ყოფნისას.
ა.წ. 30 აპრილს, ხუთშაბათს „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ (ქ-ნ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას) ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძემ ცალსახად და ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ მას ჰქონდა ხველა, პნევმონია, რის გამოც 26 (ოცდაექვსი) დღე გაატარა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის კლინიკაში (და არა კარანტინში) და კლინიკაში ყოფნისას 10 დღის მანძილზე იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს, რა დროსაც არ შეუნიშნავს არანაირი გვერდითი მოვლენები, რამოდენიმე დღეში მოეხსნა ხველა და მისი დაავადება და გამოჯანმრთელების პროცესი წარიმართა ყოველგვარი გართულებების გარეშე.
ბ-ნი გურულის და ქ-ნი კვესიტაძის 100%-იან ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები არ არის უწყინარი, ვინაიდან შეუძლიათ გამოიწვიონ COVID-19-ით პაციენტებში ქართველი ექიმებისადმი უნდობლობა, მისგან გამომდინარე სერიოზული შედეგებით და აგრეთვე მკურნალობის COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლისა და ჩვენი ცენტრის რეპუტაციას შელახვა. მე ვითხოვ ბ-ნ გურულისა და ქ-ნ კვესიტაძისაგან უმოკლეს დროში თავიანთი განცხადებების დეზავუირებას და ბოდიშის მოხდას ჩვენი ცენტრისა და ტელემაყურებლების წინაშე”, – წერს მარინა ეზუგბაია სოციალურ ქსელში.