თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტების ოზონოთერაპიით მკურნალობა ცნობილი მეთოდია, მაგრამ მედიკოსებს მოუწოდებს, მის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ცერცვაძის ინფორმაციით, ოზონოტერაპიის გამოყენება ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ ოფიციალურად რეკომენდირებული არაა.
“პლაზმა ცნობილი მეთოდია და ნამდვილად ეფექტიანია, თუ შეძლებ მის კარგად დამზადებას და იმ პაციენტის სწორად შერჩევას, ვისაც უნდა გადაუსხა. ოზონოთერაპიაზე კი, ძალიან გთხოვთ, უფრო ფრთხილად ვიყოთ. ოზონოთერაპია ესეც ოდითგანვე ცნობილი მეთოდია, მიმართავენ სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ ეს არ არის ოფიციალურად ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს (FDA) მიერ რეკომენდებული მეთოდი. მას მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში და სხვაგან, მიმართავენ ერთგვარი კვლევისთვის, ერთგვარ ექსპერიმენტებს აწარმოებენ ოზონზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან ცერცვაძის თქმით, ოზონოტერაპია მხოლოდ 4 პაციენტთან იყო გამოყენებული, ეფექტური შედეგიც აჩვენა, მაგრამ ექიმებს სტხოვს, ნუ ატეხენ აჟიოტაჟს.
“ოზონოთერაპიის გამოყენება იყო ეფექტიანი. კერძოდ, ამ ოთხიდან სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა სისხლში, ერთს – მე-7 დღე, ორს – მე-9 დღეს. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ, პაციენტებში ვირუსის გაქრობა იწყება მე-14 დღიდან და გრძელდება ზოგჯერ რამდენიმე კვირა. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ მისცემთ ამას ჯერ გადაჭარბებულ შეფასებას. ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს. ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები. ისინი გადმოგვიგზავნიან ამ ოთხ ადამიანზე ჩატარებული მკურნალობის შედეგებს, ჩვენ შევისწავლით, იყო თუ არა მართლა ასეთი ეფექტი, ხომ არ იყო რაიმე გვერდითი მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდეს ამ მეთოდის ასეთი კვლევა თუ არ გაგრძელდეს. ისევ ვიმეორებ, თუ გაგრძელდება, მხოლოდ კვლევა და არა სამკურნალოდ გამოყენება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის პროფილურ კლინიკებში ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტთან ოზონოთერაპია გამოიყენეს, რამაც ეფექტური შედეგი აჩვენა.