თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტებთან პლაზმით მკურნალოა მასიურად ვერ გამოიყენება, ვინაიდან გამოჯანმრთელებული 178 პაციენტიდან პლაზმის დასამზადებლად დონორად მხოლოდ 8 მათგანი გამოდგება.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ცერცვაძის განმარტებით, ისინჯება ყველა ამ დონორის სისხლი და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ.
“ამის შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. მინდა იცოდეთ, რომ ეს ვერ იქნება მასიური მკურნალობის მეთოდი იმიტომ, რომ საქართველოში სულ არის 178 გამოჯანმრთელებული. ამ ადამიანებიდან ყველას სისხლი არ გამოდგება დონორად პლაზმის დასამზადებლად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ და ასეთი ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არის დაახლოებით, 20-დან ერთი. პოტენციურად, 8 დონორი შეიძლება გვყავდეს მარტო, ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტი არ მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ გადავარჩენთ რამდენიმე პაციენტს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
მისივე თქმით, ინფიცირებულ პაციენტებთან პლაზმით მკურნალობის მეთოდის გამოყენება იმ შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი, თუ ის მძიმე პაციენტია და მასთან მედიკამენტებმა ეფექტი არ გამოიღო.
“ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ პლაზმით მკურნალობის მეთოდს მივმართოთ ანუ პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი. ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ მას გადავუსხათ ეს პლაზმა.