ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაჰქონდა თუ არა საიდუმლო ინფორმაცია მერაბიშვილს რუსეთში: “მისი ქმედებები ეჭვებს იწვევს” – აცხადებს თუთბერიძე

“თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუსის” აღმასრულებელი დირექტორი  თეა თუთბერიძე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის “მეტრონომთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, ვანო მერაბიშვილს ეზრუნა ქვეყანაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაზე, ის ცდილობდა, თავდაცვის სამინისტროდან საკუთარი ოდეერების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაცია გაეტანა.

“ამ საკითხებზე  ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული ვსაუბრობდი. კერძოდ, მერაბიშვილი ცდილობდა, საკუთარი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდეერების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაცია გაეტანა თავდაცვის სამინისტროდან. ეს იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო. ნაკლებად მგონია, რომ მსგავსი ინფორმაციებით დაინტერესებულიყვნენ ახალციხეში მისი მეზობლები და მასწავლებლები. საუბარია ინფორმაციაზე, რომელზეც თავად თავდაცვის მინისტრსაც კი არ შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა, მითუმეტეს, არ შეიძლებოდა ხელმწისაწვდომი ყოფილიყო გარეშე პირებისთვის. ამ თემაზე პირადად ბაჩო ახალაიასთან არ მქონია საუბარი, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისგან და ჩემთვის მათგან გახდა ცნობილი ამ პრობლემის შესახებ,” – აცხადებს თუთბერიძე.

თუთბერიძის მოსაზრებით, ქვეყნის ინტერესები გადაჰყვა შიდა დაპირისპირებას ანდა შესაძლო თანამშრომლობას მტერ სახელმწიფოსთან, ამ ყველაფერს კი ვანო მერაბიშვილმა პასუხი უნდა გასცეს.

“მე მესმის, რომ მერაბიშვილმა წლები გაატარა ციხეში, მაგრამ ეს არის საკითხები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. შესაძლოა, ამ ეტაპზე ამის დრო არ იყოს, ვინაიდან ქვეყანაში  მთავარი პრობლემა კვლავ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და რეჟიმია. მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა ქვეყნის ინტერესები გადაჰყვა შიდა დაპირისპირებას, ანდა შესაძლო თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის მტერ სახელმწიფოსთან,” – აღნიშნავს თუთბერიძე.

თუთბერიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული უწყების ხელმძღვანელებს ეზრუნათ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული საკითხების მოგვარებაზე და საკითხების განეიტრალებაზე, აღმოჩნდა, რომ ისინი აბსოლუტურად სხვა საკითხებით კავდებოდნენ.

“მითუმეტეს ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა გვქონდა და გვაქვს პრობლემა გარე სახელმწიფოსთან, რომელსაც  ყოველთვის ჰქონდა ინტერესი, ქვეყანაში მოეხდინა არეულობა, დაესუსტებინა ჩვენი ქვეყანა და შეეცვალა მდგომარეობა. ეს მერაბიშვილმაც დაადასტურა გვარამიასთან ინტერვიუში, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენა წარმოადგენდა სწორედ ამ საფრთხეს, რუსული გეგმის ნაწილს. ეს შესაძლოა ბევრისთვის ნაკლებად აღიქმებოდა როგორც რუსული საფრთხე, მაგრამ ჩემთვის პირადად და ბევრი მათგანისთვის, ვინც ხედავდა რასთან გვქონდა საქმე, მითუმეტეს ამას ხედავდა ვანო მერაბიშვილიც, მას უნდა ემუშავა, რომ ეს საფრთხე გაენეიტრალებინა და ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინა. დღეს რომ გვარამიას კითხვას უბრუნებს, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ საფრთხის გასანეიტრალებლადო, ეს არის ძალიან არასერიოზული და თუ არ იცოდი, როგორ უნდა გაგეკეთებინა, მაშინ რა უნდოდა იქ, სადაც ოყო?!” – აღნიშნავს თუთბერიძე “მეტრონომთან”.

მისივე თქმით, ამ ფონზე, როცა ვანო მერაბიშვილი პრობლემების მოგვარებით უნდა დაკავებულიყო, მისი მიზანი იყო სხვა უწყებები ეკონტროლებინა, რაც მის, როგორც შს მინისტრის ფუნქციაში ნამდვილად არ შედიოდა.

ამასთან, თუთბერიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიასთვის ცნობილი გახდა უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, მან მიიღო კონკრეტული ზომები, რამაც ვანო მერაბიშვილის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია.

“ჩემი ინფორმაციით, როცა ბაჩოსთვის ცნობილი გახდა, უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, მან კონკრეტული ღონისძიებები გაატარა. ის დაინტერესდა, რის საფუძველზე ხდებოდა შს სამინისტროს ოდეერების ყოფნა თავდაცვის სამინისტროში და როგორ მიუწვდებოდათ მათ ხელი ამ ინფორმაციებზე. გაირკვა, რომ ბაჩომდე მყოფი თავდაცვის მინისტრის, დავით სიხარულიძის პერიოდში ამ ოდეერების ყოფნასთან დაკავშირებით გარკვეულ შიდა კონტრაქტს ჰქონია ხელი მოწერილი. მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება იყო შეცდომა. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას უკავშირდებოდა, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, მსგავს ინფორმაცასთან წვდომა თავად თავდაცვის მინისტრთვისაც არ შეიძლებოდა.

ბაჩოს მოუხდა გარკვეული ღონისძიებების გატარება, რათა ეს ინფორმაცია სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო, რამაც მერაბიშვილის გაღიზიანება კიდევ უფრო მეტად გამოიწვია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იმ პერიოდში ახალაიამ სამინისტროს ერთი ფლიგელი გაარემონტა და იქ გადაიყვანა ის ადამიანები, რომლებსაც ამ ინფორმაციებთან წვდომა ჰქოინდათ. მათ მხოლოდ კარზე თითის ანაბეჭდებით შეეძლოთ იქ შესვლა და შესაბამისად, ეს ოდეერები გარეთ აღმოჩდნენ,” – აცხადებს თეა თუთბერიძე.

“მეტრონომის” კითხვაზე, მერაბიშვილი თავდაცვის სამინისტროდან გამოტანილ საიდუმლო მასალას აწვდიდა თუ არა რუსეთს, თუთბერიძე პასუხობს, რომ ამაზე მტკიცებულებების გარეშე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი თქმით, უწყების ყოფილ თანამშრომლებს ეჭვი სწორედ ამაზე ჰქონდათ.

“იმ ნაწილზე, რასაც მეკითხებით, არ მაქვს კონტრეტული ინფორმაცია. მაგრამ ვსვამ კითხვას, რაში ესაჭიროებოდა მერაბიშვილს ეს ინფორმაცია, რომელიც თავად თავდაცვის მინისტრს არ მიუწვდებოდა ხელი?! და ნაცვლად რუსული საფრთეებიხ განეიტრალებაზე ეზრუნა, კონტრეტული საფრთხე ჩვენ გვქონდა ივანიშვილის სახით, რატომ იყო ის დაკავებული საიდუმლო ინფორმაციის გამოტანით. მე ვისგანაც ეს ინფორმაცია მოვისმინე, მათ გააჩნდათ გარკვეული ეჭვები, რომ ეს ინფორმაცია მიეწოდებოდა რუსეთის მხარეს, მაგრამ, მე მტკიცებულებების გარეშე ვერ დავიწყებ საუბარს, თუმცა მისი ქმედებები ეჭვებს იწვევს,” – აღნიშნავს პარტიის წევრი.

გარდა ამისა, თუთბერიძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს ოდეერები ყველა უწყებაში ჰყავდა, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროშიც და ამის ფონზე მითუმეტეს რეალობას მოკლებულია, რომ მან ე.წ. ციხის კადრების შესახებ არაფერი იცოდა.

“მერაბიშვილს ეს ოდეერები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში არ ჰყავდა, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც იყვნენ. მე ვიყავი პრეზიდენტის მიერ მონიჭებული უფლებით აღჭურვილი პირი, რომელსაც შეეძლო, ნებისმიერ დროს შესულიყო სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში. ყველა ჩემს შესვლაზე მერაბიშვილს გააჩნდა ინფორმაციები. თუკი პრეზიდენტის წარმომადგენლის გადაადგილებაზე მას ინფორმაციას აწვდიდნენ, როგორ შეიძლებოდა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, იქ რომ კინოგადაღებები მიმდინარეობდა ვინმე ბედუკაძის მიერ და თუნდაც სხვების მიერ?! ეს ყველაფერი რამდენადაა ახლოს საღ აზრთან და ლოგიკასთან?! მე ამ კითხვას დღესაც დავსვამ, ვინაიდან ადამიანი ფაქტობრივად ყველაფერზე ინფორმაციას ფლობდა, როგორ არმოჩნდა, რომ მას ამ ე.წ. კინოგადაღებებზე ინფორმაცია არ ჰქონდა?!

თუთბერიძეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი არ იყო მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირება, ვინაიდან ამ დაპირისპირებას გადაჰყვა ქვეყნის ინტერესები და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ ბევრ კითხვაზე პასუხს გაცემა მოუწევს.

 

თათა შაიშმელაშვილი

 

 

 

იტვირთბა....