საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებული ადამიანები ორ კატეგორიად იყოფა.
ბარკალაიას ინფორმაციით, პირველი კატეგორიაში შედიან თვითდასაქმებულები, რომლებიც რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
მისი თქმით, ამ კატეგორიაში მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა ამ დროისთვის 150 ათასამდეა, სპეციალური ცნობის წარდგენა არ დასჭირდებათ.
ამასთან, როგორ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის დახმარების გაცემა მარტივია და მათ ამისთვის მხოლოდ ჯანდაცვის ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალურ პორტალზე ბანკის ანგარიში უნდა მიუთითონ.
“ესენი არიან ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე მეწარმეები, მიკრომეწარმეები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს სახელმწიფოს. ასეთი ადამიანების რაოდენობა ამ ეტაპზე დაახლოებით 150 000.
ამ ადამიანებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაეგზავნებათ ინფორმაცია, რომ ისინი არიან ამ დახმარების მიმღებლები. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი რაიმე ცნობის მოძიება და მოტანა. მათი მხრიდან საკმარისი იქნება მხოლოდ ანგარიშის ნომრის წარდგენა. იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ძალიან მარტივი პროცედურა იქნება. 15 მაისს ჯანდაცვის ვებგვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი. აღნიშნული ადამიანები მხოლოდ ბანკის ანგარიშს ატვირთავენ, რადგან ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანების ბანკის ანგარიში. ბანკის ანგარიშის ატვირთვის შემდეგ მიიღებენ 300 ლარის ოდენობის დახმარებას, ერთჯერადად.“, – აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.
რაც შეეხება მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებს, ბარკალაიას ცნობით, მათ მიეკუთვნებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში ან სხვა ნებისმიერი ფორმალური აღრიცხვა არ არსებობს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ შემთვევაში მათ დასჭირდებათ დამატებითი საბუთის წარდგენა, რათა ერთჯერადი დახმარების სახიით 300 ლარი მიიღონ.
“რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, შესაბამისად, ამ ადამიანებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ პორტალზე, რომელიც 15 მაისიდან ამოქმედდება, მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება – პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი, ასევე რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მის ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს“, – აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.
მისი თქმით, ამ განცხადებები განიხილება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნება, როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. განხილვის შემდეგ კი უმოკლეს ვადაში განხორციელდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე.