ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაისიდან, ხელფასის გარეშე დარჩენილი პირები ფულად კომპენსაციას მიიღებენ

2020 წლის მაისიდან, კომპენსაციას მიიღებს მოქალაქეები, რომლებმაც პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აიღეს ხელფასი და შემდეგ თვეში (თვეებში) ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოში დამქირავებელი წარადგენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200-ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, კომპენსაციის მოთხოვნისთვის დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე (საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად) ელექტრონულად, გადამხდელის პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ერთხელ მაინც აქვს გაცემული ხელფასი 2020 წლის პირველ კვარტალში და აღარ გაუცია წინა თვეში.

დამქირავებელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს შემდეგ ინფორმაციას:

· დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

· დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები;

· დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).

ყოველი თვის 20 რიცხვამდე, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოამზადებს საკომპენსაციო პირთა ერთიან ბაზას და გაუგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა პირის საბანკო ანგარიშზე. პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი.

იტვირთბა....