შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მიმართავს, რომ სასაფლაოებზე გასვლისგან თავი შეიკავონ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია, შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.
“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას,”- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდა, მათ შორის მოქალაქეებს სააღდგომოდ სასაფლაოზე გასვლა აეკრძალათ.