“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მიმართავენ. მათი თქმით, უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხები, საქართველოს დაპირისპირების საგნად არ უნდა იქცეს.
“მოვუწოდებთ პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ნუ ვაქცევთ უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებს, დაპირისპირების საგნად ჩვენს ქვეყანაში.
ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს გამორჩეულ პარტნიორთან, უკრაინასთან ურთიერთობაში არაერთი დრამატული შეცდომა დაუშვა. ჯერ კიდევ. ევრომაიდანის მიმდინარეობისას, ქართული ოცნების ზოგიერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ამ შემთხვევაში უბრალოდ დუმილზე უფრო არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ღიად დაიკავა ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი პოზიცია. მაგალითად, მაშინ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საჯაროდ არკვევდა იმას, თუ კიევის რამდენ ქუჩაზე მიდიოდა პროტესტი და რამდენად მცირე იყო ის” – წერია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევრომაიდნის მოძრაობის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოცნების პრემიერი და ახლა უკვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღიად აწარმოებდა კამპანიას, რომ საქართველოს საკითხი დასავლეთში სტრატეგიულ პარტნიორებს უკრაინის საკითხთან ერთად არ განეხილა.
“ეს კი უარყოფით პასუხს ნიშნავდა, თავისუფალი სამყაროსგან საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე. შემდგომში სწორედ ერთ კონტექსტში მიეცა როგორც უკრაინას, ისე საქართველოს ტანკსაწინაარმდეგო იარაღის შეძენის შესაძლებლობა. ღარიბაშვილის რიტორიკა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო. გარდა იმისა რომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი მორალური ვალია, ეს საქართველოს პრაგმატულ ინტერესშიცაა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, უსაფრთხოების, პუტინის აგრესიის შეკავების, დეოკუპაციის, ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ დასავლეთში ჩვენი გამოწვევების მიმართ ყურადღების ფოკუსირების კუთხით”, – წერია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მოსაწყობად. ამის მიზეზი კი საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებაა.
“სწორედ ამის მაგალითია ივანიშვილის ხელისუფლების ახლანდელი გადაწყვეტილება, ისაუბროს დიპლომატიურ დემარშებზე უკრაინასთან და ამის მიზეზად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებათა უპატივცემულობას ასახელებს. ბოლო წლების მანძილზე უკვე ათობით შემთხვევა იყო როცა ევროპული, მათ შორის ღრმა დემოკრატიის ტრადიციის მქონე ქვეყნებმა და მათმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებების გათვალისწინება მისი მიკერძოებულობის, არაკომპეტენტურობისა და აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.