თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მათთან მოათავსეს, ხოლო ერთ-ერთი მათგანის წყარო ე.წ. თეთრისყაროს კლასტერს უკავშირდება.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ახალი შემთხვევებიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. ამ 2-3 დღეში დაახლოებით 4 პაციენტი შემოვიდა, ძირითადად არის ბოლნისისა და მარნეულის წყარო. მივიღეთ ერთი პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერიდან, მივიღეთ კიდევ 1 ბავშვი და ახლა გვყავს 11 მოზარდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება,”- აცხადებს ეზუგბაია.
ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ ცენტრში კოვიდინფიცირებული 46 პაციენტი გადის მკურნალობას.
“ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება, ამიტომ რამდენიმე ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს 45-46 დადასტურებული შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ შემოდის გარკვეული რაოდენობა, გამოჯანმრთელებულები ეწერებიან და ციფრები 44-47-ს შორის მერყეობს,”- განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.