სამართალდამცველებმა ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად ორი მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.
სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ ერთობლივად ჩაატარეს.
არსებული ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ნარკოტიკები საქართველოში მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს და მის ევროპაში რეალიზებას აპირებდნენ.
„ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“.
მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.