“ქვეყანაში დღეისთვის 12 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია გაკეთებული, ხუთი ათასზე მეტი კი სწრაფი ტესტია ჩატარებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძის განმარტებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.
„ბოლო 24 საათში 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 შემთხვევა, მაშინ როდესაც გუშინ იყო გაკეთებული 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ დღეისთვის გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი ქვეყანაში, ეს რაც შეეხება „პისიარ“ ტესტირებას. დაახლოებით ხუთი ათასზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.