თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს.
თეთრიწყაროში ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს.
კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია დადასტურებული 19 პირი.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.