ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“26 აპრილს ღამის 00:00 საათიდან, ისრაელში, ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება” – საელჩო

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს საელჩო მიმართავს.

საელჩოს განცხადებით, 26 აპრილს ღამის 00:00 საათიდან, ისრაელში, ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება.

„რესტორნებსა და კაფეებში საკვების ყიდვა შესაძლებელი გახდება, გარეთ გატანის პირობით (take away);

მუშაობას იწყებენ საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები, კოსმეტიკური კაბინეტები;

მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა, გაიხსნება ყველა მცირე სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ღია სივრცეში ან ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში;

შრომითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ზრუნვაზე („მეტაპლიმ“), დასაქმებულები მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ დამქირავებელთან დროის ერთ მონაკვეთში, ან საერთო შინამეურნეობის მქონე რამოდენიმე პირთან;

ამასთანავე, პირბადეების ტარების წესი მკაცრდება – პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, გარე ტერიტორიების ჩათვლით. წესები ვრცელდება როგორც 7 წლის ბავშვზე, ასევე მათზე ვინც დაკავებულია სპორტით. პირებს ვისაც აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, თან უნდა იქონიონ ექიმის ცნობა;

დაჯარიმება მოხდება წესის დარღვევის პირველივე შემთხვევის დროს;

საზოგადოებრივ დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესების დაცვის გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება. აღნიშნულზე კონტროლის უფლებამოსილება დამატებით მიენიჭებათ პოლიციელებსა და ინსპექტორებს;

ობიექტებისთვის გათვალისწინებულია მუშაობის შემდეგი ნორმები:

1. რესტორნებსა და კაფეებში, გამყიდველსა და მყიდველს შორის უნდა იყოს აღმართული ბარიერი, რომელიც გამყიდველს დაინფიცირებისგან დაიცავს (ან პირიქით); თანამშრომლები სამსახურში უნდა გამოცხადნენ მორიგეობით, სამუშაო პროცესის დროს დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ზედაპირთა დეზინფიცირება. უნდა განხორციელდეს ობიექტში მყიდველთა მორიგეობით შეშვება, ისე, რომ თითო სალაროსთან მომხმარებელთა რიცხვი დროის ერთ შუალედში არ აღემატებოდეს ორს, 100 კვ.მ. ფართობის შემთხვევაში დასაშვებია ოთხი ადამიანი დისტანციის დაცვით;

2. სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ფუნქციონირების დაწყებამდე, ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებს უნდა წარუდგინოს პირობების შესრულების შესახებ ხელმოწერილი დეკლარაცია. დაწესებულებაში შესვლამდე, ადმინისტრაციამ მომხმარებელს უნდა ჰკითხოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაძლებლობების ფარგლებში გაუზომოს ტემპერატურა. დანარჩენი შეზღუდვები შეესაბამება პირველ პუნქტში აღწერილს;

3. საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და კოსმეტიკური კაბინეტები, იმუშავებენ 1. და 2. პუნქტებში ჩამოთვლილი წესების შესაბამისად;

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთვარობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, კონტროლი განსაკუთრებული სიმკაცრით განხორციელდება. წესების დამრღვევი დაწესებულება 2 ათასი შეკელით დაჯარიმდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....