ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 24 აპრილის 21 :00საათიდან 25 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 მოქალაქე დააჯარიმა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....