ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინის პოტენციური დამცავი ეფექტი აქვს კორონავირუსის ინფექციასთან.
ვარაუდი ეფუძნება მწეველთა მცირე რაოდენობას Covid19-ით დაინფიცირებულთა შორის, რომლის შესახებ მთელ მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა კვლევა იუწყება. ეს მაჩვენებელი 1.4-იდან 12%-მდე შეადგენს.
საკითხთან დაკავშირებით, ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგული მედია მსოფლიოს ცნობილი ნეირობიოლოგების ჰიპოთეზას აქვეყნებს, რომელიც მალე კლინიკური კვლევების საგნად უნდა იქცეს. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ნიკოტინი COVID-19-ის წინააღმდეგ, პაციენტებს ნიკოტინის წვეთები და პლასტირები დაენიშნათ.
საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევა უფრო ზუსტ სურათს იძლევა. Covid-19-ით დაინფიცირებული 500 პაციენტიდან, რომელთაგან 350 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში გადიოდა, 150 კი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით სახლში მკურნალობდა, მხოლოდ 5% იყო მწეველი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მსუბუქი პაციენტებიდან კი მეტ-ნაკლებად ყველა მწეველი აღმოჩნდა. კვლევის ავტორი, შინაგანი დაავადებების პროფესორი ზაჰირ ამურა ამბობს, რომ კრონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში 80%-ით ნაკლები მწეველია, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის მოსახლეობაში.
„ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ნიკოტინი უჯრედულ რეცეპტორებს ეწებება, რომლებსაც კორონავირუსი იყენებს, და ამგვარად მათზე ვირუსის დამაგრებას უშლის ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ ახერხებს უჯრედში შეღწევას და ორგანიზმში გავრცელებას“, – ამბობს საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის და კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი ჟან პიერ შონჟუ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.