ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია განმარტავს, როდის მოიხსნება საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.

ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ქალაქები – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი- გაიხსნება.

ამასთან, პრემიერის თქმით, ვინაიდან, მოქალაქეების დიდი ნაწილი სააღდგომოდ ქალაქიდან იყო გასული, დაიშვება გამონაკლისი და მათ ორი დღის განმავლობაში დაბრუნება შეეძლებათ.

“ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც საქალაქთაშორისო გადადგილებაზე იყო დაწესებული და ასევე, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება,

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“,-განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის,  ქვეყანაში 27 აპრილიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყება. გახარიას ინფორმაციით, 27 აპრილიდან ნებადართული იქნება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

 

იტვირთბა....