ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნება, სადაც კახეთის მოსახლეობა პროდუქციის რეალიზებას მოახერხებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნება, სადაც კახეთის მოსახლეობა საკუთარი პროდუქტების რეალიზებას შეძლებს.

ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“ჩვენ დღესაც ვიყავით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოსტნეული კულტურები შემოდის აქტიურად, გადაადგილება არის თავისუფალი, ანუ დისტრიბუციის განხორციელება შეუძლიათ როგორც ადგილობრივებს, ისე ჩამოსულებს, მაგრამ მომავალ კვირაში გაიხსნება სოფელ კაბალთან ახლოს დიდი საბითუმო ბაზრობა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტი პროდუქციის გადინებას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე კახეთში, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში,”- აცხადებს ქადაგიშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

კახეთის გუბერნატორის თქმით, ტრადიციული ხილის ბაზარი მოეწყობა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.

“ანალოგიური საბითუმო ბაზარი, ხილი როდესაც შემოვა, უფრო გურჯაანის მუნიციპალიტეტი მაქვს მხედველობაში, იქაც გაიხსნება. ეს არის სოფელ ჩუმლაყთან არსებული ტრადიციული ხილის ბაზარი. ასე რომ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მინიმალური პრობლემები შეექმნას მოსახლეობას პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

იტვირთბა....