ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებს პრეპარატ “პლაქვენილით” მკურნალობენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მინისტრის თქმით, აღნიშნული მედიკამეტის გამოყენება მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებში ხდება.
“ის გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და საჭიროებისამებრ. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილებასაც და ასევე კარგად ვიცნობთ იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ მედიკამენტს გააჩნია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. ზურაბ გურულის განცხადებით, ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.
აღნიშნულ პოსტს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დირექტორი გამოეხმაურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ. მისივე თქმით, ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და არასდროს ყოფილან მხოლოდ პლაქვენილის იმედად.