პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათან რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი რჩება, აქედან ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რატიანის ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტი კოვიდინფიცირებული არაა და მისი მდგომარეობის სიმძიმე ქრონიკული გულის უკმარისობა გახდა, რასაც თან ერთვის ფილტვის მწვავე უკმარისობაც.
“რეანიმაციაში გვყავს 8, აქედან 7 არის მართვით სუნთქვაზე. ერთი, რომელიც არის 67 წლის მამაკაცი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე გამოწვეულია კოვიდინფიცირებს გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით. ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ არ არის მასთან კოვიდინფექცია. მისი დამძიმების მიზეზი არის ქრონიკული გულის უკმარისობა, ფილტვ-გულის უკმარისობა და ასევე ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სიმპტომი, ფილტვის მწვავე უკმარისობა. დანარჩენი პაციენტები რომლებიც აგრძელებენ რეანიმაციაში მკურნალობას, მათი მდგომარეობა ბოლო 24 საათში მეტ-ნაკლებად დადებითია“,- განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.