კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი 5 წლის ბავშვია, რომელიც მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.
სოლოღაშვილის განცხადებით, ინფიცირებულებს 5 წლის ბავშვის წყარო ე.წ. მარნეულის კლასტერთანაა დაკავშირებული.
მისივე ცნობით, ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახის წევრებიც, მაგრამ ისინი სხვა კლინიკაში გადიან მკურნალობას.
“ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 50 პაციენტი. მათგან 22 არის covid-19-ის დიაგნოზით. დაგვემატა ერთი 5 წლის ბავშვი, რომელიც არის ქვეყნის შიდა სექტორიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან მხოლოდ ბავშვია, მისი ოჯახის წევრები არ არიან ჩვენს კლინიკაში.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათგან 4 პაციენტი არის საყურადღებო. ამ ეტაპზე 12 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ,”- განაცხადა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.