ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაწესებული ჯარიმები მცირდება

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დაწესებული ჯარიმების ოდენობა იცვლება. ფიზიკური და იურიდიული პირებისტვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა მცირდება. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.

ოხანაშვილის ინფორმაციით, კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.

იტვირთბა....