საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთი მათგანი ორი წლის ბავშვია.
ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, 2 წლის ინფიცირებული ბავშვი მკურნალობას მათ ცენტრში გადიოდა, დღეს კი ის სახლში გაეწერება.
მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 21 კოვიდინფიცირებული ადამიანი მკურნალობს, მათგან საყურადღებო კი 4 პაციენტია.
“ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. აქედან ერთი ორი წლის ბავშვი, ერთი კი ზრდასრული მამაკაცია. დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 21. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო, რადგან მათ ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებათ. საყურადღებო პაციენტებს შორის არის სასულიერო პირიც, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი.