“მსოფლიოში რამდენიმე ტიპის პრეპარატი იხმარება, მათ შორის, რამდენიმე მათგანი საქართველოშიც. რამდენიმე პრეპარატზე საუბარია, რომ ჩვენთან შემოვა და ჩვენც დავიწყებთ მის გამოყენებას. ეს პრეპარატები იხმარება ჩვენების მიხედვით, და არა – სიმპტომების. თუ რა სახის პნევმონია აქვს, როგორ მიდის დაავადება ა. შ. ამის შემდგომ მიდის პრეპარატების შერჩევა. ასე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენ, რა პრეპარატი როდის უნდა დავნიშნოთ, ეს არის წმინდა სამედიცინო საკითხი და მგონია, რომ ექიმებს უნდა მივანდოთ ეს. ჯერჯერობით მკურნალობის შედეგები კარგია. უსიმპტომო პაციენტებს პლაქველინით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ. ხოლო, კარგი პროგნოზით, მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე, ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელიწადში იქნება, ბედნიერები ვიქნებით.”
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
აღნიშნული განცხადება გოფოძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, 17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. ზურაბ გურულის განცხადებით, ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.
აღნიშნულ პოსტს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დირექტორი გამოეხმაურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ. მისივე თქმით, ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და არასდროს ყოფილან მხოლოდ პლაქვენილის იმედად.