აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, ბათუმში საკარანტინე ზონაში მოწამლულ პაციენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ორი დღის წინ მხოლოდ ორ პირს ჰქონდა გამოხატული ჩივილები როგორც ინტოქსიკაციისთვის, ასევე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ისინი კლინიკაში და ჩაუტარდათ მათ კვლევები.
„დამატებით დავაზუსტებ ინფორმაციას ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში მომხდარი ფაქტის შესახებ. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ორი პაციენტი ჩივილებით – მუცლის ტკივილი და ღებინება გადაიყვანეს კლინიკა მედ-ემერჯენსში, სადაც ჩაუტარდათ შესაბამისი დიაგნოსტიკა კოვიდზე და და პასუხები იყო უარყოფითი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ დაბრუნდნენ სასტუმროში.
რადგან ჩვენ გვაქვს რამდენიმე რისკთან საქმე, პირველი ის, რომ საკარანტინო სივრცე არის დახურული, მეორე ის, რომ აღნიშნული კლინიკური ჩივილები არის კოვიდისთვისაც დამახასიათებელი და აჭარაში ერთ-ერთი პირი ამავე სიმპტომებით გვყავს დადასტურებული, მიზანშეწონილად ჩაითვალა, საკარანტინო სივრცეში აღრიცხული პირებისგან მომხდარიყო იმ 50-მდე პირის იდენტიფიცირება, ვისაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მსგავსი ჩივილი ჰქონდა. 45-ს ჩაუტარდა კორონავირუსზე კვლევა და პასუხი იყო უარყოფითი, ყველა მათგანმა დატოვა უკვე საკარანტინო სივრცე“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ნიჟარაძის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ამ ფაქტსაც იკვლევს, ზოგადად ყველა საკარანტინო ზონის ზედამხედველობას ახორციელებს და ეს მონიტორინგი არ უკავშირდება სპეციალურად ამ ფაქტისთვის ჩატარებულ კვლევას.
„მათ აქვთ გეგმური სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი ყველა სივრცეში დადიან, ახორციელებენ მონიტორინგს და გასცემენ რეკომენდაციებს. მსგავსი შემთხვევა იყო ამ კონკრეტულ სივრცეშიც და დეტალური ინფორმაციას მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე არ ვფლობ“, -განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.